რადიო გრუნი მედია ბაზარზე 2024 წლის 10 აპრილიდან მაუწყებლობს.
საქართველოს მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, მაუწყებლობის საერთო ლიცენზია გაიცა 2024 წლის 28 მარტს. ინტერნეტ რადიო გრუნი, 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მაუწყებლობს და მისი საეთერო ბადე მოიცავს სხვადასხვა სახის გადაცემას, პოდკასტსა თუ რუბრიკას.
რადიო გრუნის მთავარი მიზანია სტუდენტებს გაუკვალოს გზა პრაქტიკულ საქმიანობაში და განუვითაროს პროფესიული უნარჩვევები.
სამიზნე აუდიტორია: სტუდენტები და ის პირები, ვისაც მოსწონთ გემოვნებიანი მუსიკა აქტუალური თემების გარშემო მომზადებული გადაცემები თუ სიუჟეტები.
ასაკობრივი სეგმენტი: 18- დან-60 წლამდე.
რადიოს საეთერო ბადის 50 % უკავია მუსიკას, 15 % საინფორმაციო გამოშვებას, 15 % საუნივერსიტეტო გადაცემასა და სიუჟეტს, 10 % სპეციალურ პროექტებს და 10% სხვადასხვა სახის რუბრიკას.
ინტერნეტ რადიო გრუნის სლოგანია: ,,ჩვენ გვისმენს მსოფლიო“
ძლიერი მხარეები: რადიო არა მხოლოდ რეკრეაციუი ფუნქციის მატარებელია, არამედ სასწავლო სივრცეა, სადაც სტუდენტებს თავად შეუძლიათ შექმნან გადაცემები, პოდკასტები, რუბრიკები სიუჟეტები და მონაწილეობა მიიღონ მედიაგარემოს შექმნაში.
კვირაში ერთი დღე ეთმობა საუნივერსიტეტო პროექტების, სასწავლო პროცესების მიმოხილვასა და ანალიზს, რომელსაც ქმნის ლექტორისა და სტუდენტის ტანდემი. გადაცემა სახელწოდებით ,,აკადემიური საათი“ ყოველ ხუთშაბათს 14:00 საათზე იკავებს პირდაპირ ეთერს, სადაც წამყვანი ყოველთვის გრუნის სტუდენტია, მოწვეული სტუმარი კი ლექტორი. ზემოთ აღნიშნული საუნივერსიტეტო გადაცემა წლებია საეთერო ბადეში იკავებს კუთვნილ ადგილს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რადიო გრუნი მაუწყებლობდა რადიო საქართველოს ხმის სიხშირეზე, ტალღაზე FM 107,9, რადიო სტუდია ალმა მატერის სახელით.
კიდევ ერთი საუნივერსიტეტო პროექტი მოიცავს პოდკასტს, სახელწოდებით ,,სტუდენტის დღიური“, სადაც ყოველკვირეულად წარმოვაჩენთ გრუნის წარჩინებულ სტუდენტებს და ვსაუბრობთ მათ განვლილ გზაზე, აბიტურიენტობიდან სტუდენტობამდე. ეს ყოველივე კი სტუდენტის თვითშეფასებასა და მოტივაციას ამაღლებს.